„კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ არის ხანდაზმულებზე მზრუნველი ორგანიზაცია. მისი ისტორია იწყება 1990-იანი წლებიდან, ინიცირებულია გერმანულ-ქართული კონტაქტებით და თანამშრომლობით.

„კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ მიერ საქართველოში დაინერგა და განვითარდა ისეთი ინოვაციური მომსახურებები, როგორიცაა ხანდაზმულთა კლუბი, დღის ცენტრი, შინმოვლა, სოციალური საწარმო, მოვლის სახლი, ხელშეწყობით ცხოვრება, განტვირთვის მოვლა, დემენციის მართვა, ხანდაზმულებში პოსტ-ტრავმული სტრესული სინდრომის მართვა.

„კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ ინიციატივით დაფუძნდა თემატური ქსელები, ჩატარდა ტრენინგები, მონაწილეობს ადგილობრივი და საერთაშორისო ფორუმების და ქსელების საქმიანობაში. მისი ინიციატივით, საქართველოში დაინერგა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე 1 ოქტომბერი, განხორციელდა საზოგადოების ხანდაზმულთა მიმართ დამოკიდებულების გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები, ინიცირებული და ხორცშესხმულია ხანდაზმულთა ხელშემწყობი ცვლილებები სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე.

იმის გამო, რომ საქართველოში მცხოვრები მოხუცების მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება სასურველისგან, „თაობა“ თავის მისიად აცხადებს თაობათაშორისი სოლიდარობის განმტკიცების და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობას, რაც უნდა განხორციელდეს, ერთი მხრივ, ტრადიციული ფასეულობების აღორძინებით, მეორე მხრივ, თანამედროვე მიდგომების დანერგვით.

„კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ ზრუნავს, რათა მოხდეს:

  • ხანდაზმულების რესურსების მაქსიმალური გამოყენება საკუთარი თავისა და სხვების დასახმარებლად;
  • ოჯახებისა და თემების ყურადღების და რესურსების ოპტიმალური კონცენტრირება ხანდაზმულთა პრობლემების გადასაჭრელად;
  • საზოგადოებაში ხანდაზმულთა მიმართ დამსახურებული დამოკიდებულების აღდგენა-ჩამოყალიბება და რაციონალური სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

ადამიანს ნებისმიერ ასაკში აქვს ღირსეული ცხოვრების უფლება. ყველა საზოგადოება განუზომელ ვალშია მოხუცების წინაშე. იგი ვალდებულია, შეუქმნას მათ სოციალური ჰარმონია, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მეორე მხრივ, მათი უნარების და შესაძლებლობების, განსაკუთრებით კი გამოცდილების გამოყენებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთან, თითოეულ ხანდაზმულთან მიმართებაში, საზოგადოება ბუნების მიერ შეზღუდულია დროში, რის გამოც მას გადადების ან შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, რაკი მეორე შანსი აღარ ექნება. ამდენად, საზოგადოებამ ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და უზადოდ. მოხუცებისთვის გაწეული ძალისხმევა არის ადამიანური ვალდებულების შესრულება და, გარდა ამისა, ინვესტიცია მომავლისთვის – როგორც ჩვენ მოვეპყრობით ხანდაზმულებს, ისეთივე სიბერე გვექნება ჩვენც.

„კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ მიერ წლების მანძილზე განხორციელებულია მაღალბიუჯეტიანი პროექტები სხვადასხვა ქვეყნების დონორების მხარდაჭერით, მათ შორის, ევროკავშირის, გერმანიის, ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, შვეიცარიის და ა. შ.

აღნიშნული თანამშრომლობით, შემუშავებული და გამოცდილია ხანდაზმულებზე ზრუნვის საუკეთესო დასავლური გამოცდილების ქართული ანალოგები, რომელთაც გავრცელება და ფართოდ დანერგვა სჭირდება. ეს კი, კეთილი ნების შემთხვევაში, შესაძლებელია, სანამ უნიკალური მეთოდოლოგია არსებობს.

  • მიკრო-დონეზე „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ აწვდის მომსახურებას ხანდაზმულთა კლუბის, შინმოვლის და მოვლის სახლის ფარგლებში;
  • მეზო-დონეზე  „შინმოვლის კოალიციიაა“ „ღირსეული სიბერის ლიგის“ ფარგლებში, მასპინძლობს მოხალისეებსა და სტუდენტებს;
  • მაკრო-დონეზე „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ იცავს ხანდაზმულთა ინტერესებს საზოგადოებისა და სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე.