კომუნიკაცია მოვლაში მნიშვნელოვანი და საკვანძო თემაა, ხოლო ლექსიკა ამ საკითხის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია.

ჯანდაცვის სფეროში არსებობს პროფესიები, სადაც ცალსახად იგულისხმება, რომ სპეციალისტი პასუხისმგებელია ყველაფერზე, ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს პრობლემის გადაჭრა. ის წყვეტს – რა, როდის, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს კი ნიშნავს, რომ სპეციალისტი, ვისთანაც მუშაობს, იმ ადამიანის თანამონაწილეობას პროცესში არც/ვერც მოიაზრებს, როცა რაიმე ჩარევას ახორციელებს. ეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი და გადაუდებელი ქმედებებია. ასეთ სიტუაციებში სპეციალისტების საკომუნიკაციო ლექსიკა ცალმხრივია – მე გავაკეთე, ვაკეთებ, გავაკეთებ… ან მიმართვა მეორე პირისადმი, ასევე სპეციალისტისადმი – მომეცი, შეასრულე… ან საუბარი მესამე პირში (კვლავ სპეციალისტი) – მან გააკეთა, აკეთებს, უნდა გააკეთოს…

მოვლის შემთხვევაში სულ სხვაგვარად უნდა იყოს. ექთანი/მომვლელი და პაციენტი/ოჯახის წევრი ერთობლივად უნდა მოქმედებდნენ, ეძებდნენ და აღმოაჩენდნენ პრობლემებსა და რესურსებს, აანალიზებდნენ სიტუაციას, განსაზღვრავდნენ პრიორიტეტებს და ა. შ. სინამდვილეში კი რა ხდება? ექთანი/მომვლელი მეტწილად საკუთარ თავზე იღებს ყველაფერს და ცალსახად მოქმედებს. ქმედების ასახსნელად მისი ლექსიკაც შესაბამისია:

  • მე თქვენ გვერდზე გადაგაბრუნებთ
  • მე დაგბანთ
  • გამოგიცვლით
  • ჩაგაცვამთ

და ასე დაუსრულებლად…

ასეთი მიდგომის შემთხვევაში ძალიან საეჭვოა, შესრულდეს მოვლის ამოცანა – რაც შეიძლება მეტად დამოუკიდებელი გავხადოთ ადამიანი მისი შესაძლებლობების ფარგლებში.

 

პირველი ნაბიჯი მოვლის სფეროში ჩართული ადამიანების მხრიდან სწორედ საკუთარ ლექსიკაზე ყურადღების გამახვილება უნდა იყოს:

  • მე დაგეხმარებით, რომ თქვენ გვერდზე გადაბრუნდეთ
  • დაგეხმარებით, რომ თქვენ თავად დაიბანოთ
  • დაგეხმარებით, რომ თქვენ დამოუკიდებლად გამოიცვალოთ
  • მე მხოლოდ დაგეხმარებით, რომ თქვენ თავად ჩაიცვათ…

 

სიტყვა განსაზღვრავს ქმედებას. რაც მესმის, რასაც ვამბობ, სწორედ იმის მიხედვით და შესაბამისად ვმოქმედებ. როცა პაციენტს მომვლელისგან ესმის – მე გავაკეთებ – ის სწავლობს, რომ უუნაროა, მთლიანად დამოკიდებულია სხვაზე, მომვლელი ვალდებულია, შეასრულოს მოვლითი ღონისძიებები. როცა პაციენტს ესმის – მე მოგეხმარებით, რომ თქვენ თავად… – ის სწავლობს, რომ აქტიური თავად უნდა იყოს, დამოუკიდებლად ან მცირე დახმარებით უნდა შეასრულოს ესა თუ ის ქმედება.

 

არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტი რამდენად მობილურია, საღ გონებაზეა თუ ცნობიერება დაბინდული აქვს, ადეკვატურია თუ დემენცია სჭირს – სპეციალისტი საკომუნიკაციოდ ყოველთვის უნდა იყენებდეს ამ ფორმას – მე თქვენ დაგეხმარებით, რომ თქვენ თავად…